კრიმინალი

საგამოძიებომ გოგებაშვილზე მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 მაისს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, კ.კ. დააკავა.

უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის, ბაჩო კვარაცხელიას თქმით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით  დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ლა ვერასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ.მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.

"ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა  ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა". – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები