ქართული ოცნება

ლექსმანი პრემიერზე: "ქართული კოშმარი" ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მუშაობს

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას ეხმაურება და ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) კრიტიკას მისასალმებელს უწოდებს.

"ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. "ქართული კოშმარი" მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ". – წერს ლექსმანი.

ქართული ოცნების პარტნიორი გაერთიანების, PES-ის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის თქმით, ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს.

"ჩვენ უკვე გადაწყვიტეთ, გადაიხედოს ქართული ოცნების სტატუსი PES-ში მომავალი არჩევნებისთვის. ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი მოქმედების შემდეგ". – თქვა ვიცეპრეზიდენტმა.

4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია, რაც მასპინძლობს. ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნებოდა ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

კომენტარები