ღარიბაშვილი უნგრეთში

ისაუბრეს კონსერვატორთა კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე – ღარიბაშვილი ორბანს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას, ასევე, პრემიერმინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

"ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.

განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება". - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

დღეს, 4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს. ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნებოდა ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

კომენტარები