ღარიბაშვილი უნგრეთში

ღუდუშაური ღარიბაშვილზე: ეს იყო ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ღუდუშაურის შეფასებით, ეს ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერის გამოსვლა იყო.

"ის, რომ დედა დედაა და მამა მამაა, თურმე, ეს არის ძალადობის წახალისება. როგორც გნებავთ, ისე ჩათვალეთ, მაგრამ ფაქტი ერთია: დიახ, დედა ნამდვილად დედაა და მამა ნამდვილად მამაა [...] ბატონი პრემიერის გამოსვლა იყო მართლაც ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა. ეს ვინმეს ეწყინა თუ ეტკინა, ზოგმა ცივი წყალი დალიოს, ზოგმა კი საკუთარ თავში იპოვოს სივრცე და ადგილი - არა ბოროტებას, სიკეთე, ერთობა, სიყვარული, ქვეყნის სიძლიერე [...] რეალურად, ჩვენი ქვეყანა დგას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიც არის: რწმენა და ოჯახის სიწმინდე". - თქვა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუყრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მაგრამ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. დედა- ქალია, მამა კი კაცი". - თქვა პრემიერმა უნგრეთში.

ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში ასევე თქვა, რომ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარი მიზნების მიღწევას ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით ცდილობენ. მაგალითად, მისი განცხადებით, ეს არის ლგბტ პროპაგანდა და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობა. "ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია". - თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ქართველი ხალხი ფლობს სუპერძალას. მისი განცხადებით, ეს ძალა არის რწმენა, ოჯახები და ტრადიციები - მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. 

"მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება". - ამბობს პრემიერმინისტრი.

კომენტარები