საქართველოს მთავრობა

META-მ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში წაშალა

Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ფეისბუქის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამ ანგარიში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ პოლიტიკის დარღვევის გამო გააუქმა.  კომპანია მეტა ამის შესახებ კვარტალურ აგარიშში წერს. 

"ამ აქტივობის უკან მდგარი ხალხი ეყრდნობოდა ყალბ ანგარიშებს, რათა ემართათ ფიქტიური პერსონები, ჯგუფები და გვერდები. ოაქვეყნებდნენ, კომენტარს აკეთებდნენ და იწონებდნენ თავიანთ მასალას, რათა უფრო ნახვადი ყოფილიყო. ეს გვერდები და ჯგუფები წარმოადგენდნენ ადგილობრივ, დამოუკიდებელ, პრო-სამთავრობო ჯგუფებს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერი მასალების პოპულარიზაციისთვის  ქსელი ფუნქციონირებდა უწყვეტად, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდების და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების მიერ გაზიარების ფუნქციის გამოყენებით. ისინი ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის კრიტიკის შემცველ ინფორმაციებს, განსაკუთრებით ბოლო საჯარო საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის შესახებ უკვე უკან წაღებულ საკანონმდებლო წინადადებას უკავშირდება" . - ვკითხულობთ ანგარიშში.

ფეისბუქი წერს, რომ მიმდინარე ოპერაცია საპროტესტო მოვლენების პარალელურად რეალურ დროში მიმდინარეობდა  და მასალები შუაღამის პერიოდშიც კი ქვეყნდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  ქსელის უკან მყოფი პირები აქვეყნებდნენ სტატიებსა და კომენტარებს, ძირითადად, ქართულ ენაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან აღმოაჩინა კავშირი". - წერია ანგარიშში. 

Facebook-ის თანახმად, მასალის დასარეკლამებლად ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დაახლოებით 33 500$ დაიხარჯა. 

კომენტარები