რუსეთის ეკონომიკა

BLOOMBERG: რუსეთი რეზერვებისთვის უცხოური ვალუტის შესყიდვას, სავარაუდოდ, მაისში განაახლებს

Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთი თავისი რეზერვებისთვის უცხოური ვალუტის შესყიდვას, სავარაუდოდ, მაისში განაახლებს. ამის მიზეზად სააგენტო ნავთობის შემოსავლებს ზრდის ფონზე სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციას ასახელებს.

Bloomberg Economics-ის შეფასებით, შესყიდული ვალუტის საწყისი მოცულობა, შესაძლოა, ჩინურ იუანებში დაახლოებით თვეში $200 მილიონის ეკვივალენტს შეადგენდეს.

როგორც სააგენტო წერს, ჩინური ვალუტა არის მთავარი აქტივი, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია თავის $154 მილიარდის მოცულობის კეთილდღეობის ფონდში ტრანზაქციების განსახორციელებლად გამოიყენოს.

"ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფომ რეზერვების შემცირების ნაცვლად კვლავ დაიწყოს მათი დაგროვება. ამან, შესაძლოა, რუბლზე დადებითაც იმოქმედოს". - თქვა ნატალია მილჩაკოვამ, Freedom Holding Corp-ის ანალიტიკოსმა. 

Bloomberg-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2022 წლის იანვრის ბოლოს შესყიდვები შეჩერდა, ფინანსთა სამინისტრომ უცხოური ვალუტა განახლებული საბიუჯეტო მექანიზმით მხოლოდ მიმდინარე წელს გაყიდა. აღნიშნული მექანიზმი საქონლის ბაზრების ცვალებადობისგან ეკონომიკის იზოლაციის მიზნითაა შექმნილი. 

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი თავისი ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით მესამედს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან იღებს.

როგორც Bloomberg-ი წერს, უცხოური ვალუტის შესყიდვების განახლება ხაზს უსვამს რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს ნავთობდოლარების ნაკადი სანქციებისა და ნავთობის ფასის ზედა ზღვრის პირობებში, რაც დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, დიდმა შვიდეულმა, რუსეთს დაუწესეს. მიუხედავად სამხედრო ხარჯების გამო დაძაბული სიტუაციისა და ჯერ კიდევ უკიდურესად მაღალი დეფიციტისა, რუსეთი ბიუჯეტის სტაბილიზაციის გზაზეა. 

მიუხედავად იმისა, რომ Bloomberg Economics დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვალუტის შესყიდვებს უახლოეს სამ თვეში დაიწყებს, სააგენტო მაინც წერს, რომ შესყიდვის განახლების ალბათობა მაისში 65%-ს, ხოლო ივნისში 80%-ს შეადგენს, ვინაიდან ნავთობის მოპოვების შემცირება გაურკვევლობის რისკს ზრდის.

თუმცა, როგორც Bloomberg-ი წერს, BCS Financial Group-ის მიერ Urals-ის ფასების პროგნოზები აჩვენებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უცხოური ვალუტის შესყიდვა ყიდვა მხოლოდ მესამე კვარტალში დაიწყოს.

კომენტარები