ქართული ოცნება

მდინარაძე: მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი – $2 მილიარდი აქვთ გაჩერებული ბანკში

“მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი” – ასე უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ შეკითხვას. მისი თქმი, ივანიშვილს უკვე დაწესებული აქვს არაფორმალური სანქციები.

“მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ყველამ იცის უკვე, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული, ეს უკვე გამოყენებულია ამ ადამიანის წინააღმდეგ. $2 მილიარდი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია ალბათ თქვენც არც გაგიგიათ.

მიმდინარე პერიოდში სანქციები დაადეს კონკრეტულ ადამიანებს. ყველა მათგანის შემთხვევაში იყო რაღაც განმარტება. ყოველთვის თითოეული ადამიანის სანქცირებას რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია, ამიტომ უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში”. – თქვა მდინარაძემ.

ქართული ოცნების რიტორიკაში ხშირად იკვეთება აქცენტები Credit Suisse-ს პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის პროპაგანდით, გლობალური ომის პარტია აიძულებს Credit Suisse-ს ზეწოლა მოახდინოს ბიძინა ივანიშვილზე, რათა მისი არაფორმალური გავლენით საქართველოს მთავრობაზე ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას.

 თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო, აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. როგორც ითქვა, ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

კომენტარები