ისრაელი-სირია

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დაბომბვა, 29 აპრილი, 2023 წელი
Reuters

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის პროვინცია ჰომსზე იერიშები მიიტანა. სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. ამასთან, სამოქალაქო საწვავის სადგურს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო რამდენიმე საწვავის ტანკერი და სატვირთო მანქანა დაიწვა.

ამავე ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვამ ჰომსის ცაზე ისრაელის რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სამხედრო აეროპორტში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი, რომელიც ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლას ეკუთვნოდა. 

აპრილის დასაწყისში ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის არსებულ დაძაბულობაში ლიბანის სამხრეთ რეგიონიდან, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს, პალესტინელთა ჯგუფებმა რაკეტები ისროლეს. იერუსალიმმა პასუხისმგებლობა ჰეზბოლას დააკისრა, რადგან, როგორც ამბობდნენ, მათი ნებართვის გარეშე, ეს თავდასხმები არ მოხდებოდა.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა.

კომენტარები