ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სამხედრო ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს საჰაერო იერიში მიიტანეს.
"ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოს პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა". - განაცხადა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან ერთობლივ განცხადებაში.
"ეს არის მკაფიო გზავნილი სირიის რეჟიმისთვის. მათი ძალების დამასკოს სამხრეთით განლაგებასა და დრუზების თემის მიმართ რაიმე საშიშროების შექმნას არ დავუშვებთ". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელის იერიშს წინ უძღოდა სუნიტ მუსლიმებსა და დრუზებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება.
დაპირისპირება იმ აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა, რომელშიც ერთ-ერთი პიროვნება მუჰამედს აკრიტიკებს. აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ დრუზ სასულიერო პირს მიაწერეს, რამაც სუნიტ მუსლიმების გაღიზიანება გამოიწვია.
ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დამასკოს სამხრეთ გარეუბანში, რომელიც ძირითადად დრუზებით არის დასახლებული სულ მცირე 102 ადამიანი მოკლეს.
ცნობისთვის, დრუზები ისლამის შიიტური განშტოების მიმდევრები არიან, რომელთა უმრავლესობა სირიაში, ლიბანსა და ისრაელში ცხოვრობს.





