ისრაელი-სირია

CNN: ისრაელისა და სირიის ახალი რეჟიმის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელისა და სირიის ახალი რეჟიმის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანში შედგა და მას ისრაელის არმიის ოპერატიული დირექტორატის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ოდედ ბასიუკი და თურქი ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

წყაროს შეხვედრის თემები არ გაუმჟღავნებია.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) არ დაადასტურეს და არც უარყვეს, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანში შედგა, თუმცა განაცხადეს, რომ მათ წარმომადგენლებსა და სირიის მთავრობის წევრებს შორის პირდაპირი დიალოგი არ ყოფილა.

მანამდე, 14 მაისს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

თეთრი სახლის სპიკერის კეროლაინ ლივიტის თქმით, ტრამპმა სირიის პრეზიდენტს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებისკენ მოუწოდა და სირიიდან ყველა ტერორისტის გაძევება მოითხოვა.

13 მაისს, ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს აუქმებს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას "შანსი მიეცეს."

გამოცემა Bloomberg აპრილში წერდა, რომ ალ-შარაამ ამერიკელი კონგრესმენების დამასკოში ვიზიტისას აბრაამის შეთანხმებებთან შეერთების სურვილი გამოთქვა.

აბრაამის შეთანხმებები, რომელიც ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და მაროკოს შორის 2020 წლის სექტემბერში გაფორმდა, არაბულ სამყაროში მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო ინიცირებული.

კომენტარები