რუსული ნავთობი

Bloomberg: ევროპაში რუსული ნავთობი გადამუშავებული სახით ინდოეთიდან შედის

როგორც Bloomberg-ი წერს, ევროპაში რუსული ნავთობი კვლავ შედის, თუმცა ახლა გადამუშავებული სახით, ინდოეთიდან.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა აკრძალა საზღვაო გზით საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტირება. ეს შეზღუდვა ორი თვის შემდეგ გააფართოვეს და აკრძალვა გადამუშავებულ საწვავზეც დააწესეს. თუმცა, როგორც Bloomberg-ი წერს, ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ევროპის ბაზარზე რუსულ ნავთობს გადამუშავებული საწვავის, მაგალითად დიზელის სახით აპარებენ და აკრძალვა მათ ამაში ხელს ვერ უშლის. 

ანალიტიკური ფირმა Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი წერს, რომ ინდოეთი ევროპისთვის გადამუშავებული საწვავის უდიდესი მიმწოდებელი ხდება, მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში ინდოეთი რუსეთისგან ნედლ ნავთობს რეკორდული რაოდენობით ყიდულობს.

"რუსული ნავთობი ევროპისკენ გზას კვლავ პოულობს, სანქციების მიუხედავად, ამისი კარგი მაგალითია ინდოეთი, რომელიც დასავლეთში საწვავის ექსპორტს ზრდის. როცა ინდოეთი რუსეთისგან ამდენ ბარელს იღებს, ეს გარდაუვალია". – თქვა Bloomberg-თან Kpler-ის ანალიტიკოსმა, ვიქტორ კატონამ.

Kpler-ის მონაცემების მიხედვით, აპრილში მოსალოდნელია, რომ რუსული ნედლი ნავთობის ინდოეთში შეტანა დღეში 2 მილიონ ბარელს გადააჭარბებს, რაც ქვეყნის ნავთობის სრული იმპორტის 44% იქნება. ამავე მონაცემებით, ინდოეთიდან ევროპაში გადამუშავებული საწვავის იმპორტი დღეში 360 000 ბარელს გადასცდება.

კომენტარები