აზერბაიჯანი

აზერბაიჯანმა ევროკავშირის ოთხ ქვეყანასთან ბუნებრივი აირის მიწოდების მემორანდუმი გააფორმა

ხელმოწერის ცერემონია
president.az

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას (SOCAR), Bulgartransgaz-ს (ბულგარეთი), Transgaz-ს (რუმინეთი), FGSZ-სა (უნგრეთი) და Eustream-ს (სლოვაკეთი) შორის. 

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, როსენ ჰრისტოვმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ვირგილ-დანიელ პოპესკუმ და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, კარელ ჰირმანმა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ნათქვამი, მემორანდუმი განსაზღვრავს SOCAR-სა და ოთხ ენერგოკომპანიას შორის ევროპაში აზერბაიჯანული გაზის დამატებით მიწოდებასთან დაკავშირებულ კოოპერაციას. დამატებითი ბუნებრივი აირი გაძლიერებული მიწოდების ქსელით გაივლის ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის სისტემებში, რომელსაც "სოლიდარობის წრეს" უწოდებენ.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ 2021 წელს აზერბაიჯანმა ევროპას 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. მისი თქმით, წელს დასახული მიზნის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 12 მილიარდამდე გაიზრდება. ალიევის თქმით, ეს აზერბაიჯანული გაზის მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი იქნება.

კომენტარები