სირიის მედიის ცნობით, ისრაელმა გოლანის მაღლობიდან სამხრეთ სირიის ტერიტორიაზე ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებზე საარტილერიო იერიშები მიტანა.
ცნობების მიხედვით, იერიშის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამავე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი პროკლამაციები ჩამოყარეს, რომლებიც სირიელ სამხედროებს ჰეზბოლასთან კოოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მსგავს შემთხვევაზე ინფორმაცია გასულ კვირებშიც გავრცელდა.
აპრილის დასაწყისში ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის არსებულ დაძაბულობაში ლიბანის სამხრეთ რეგიონიდან, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს, პალესტინელთა ჯგუფებმა რაკეტები ისროლეს. იერუსალიმმა პასუხისმგებლობა ჰეზბოლას დააკისრა, რადგან, როგორც ამბობდნენ, მათი ნებართვის გარეშე, ეს თავდასხმები არ მოხდებოდა.
მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა.