შეტაკებები სუდანში

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, უსაფრთხო ლოკაციაზე არიან – საგარეო

სუდანი, ხართუმი 15.04.2023
REUTERS/Mohamed Nureldin Abdallah

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი.

"საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს ხართუმში, სუდანის დედაქალაქში. მათი სამშობლოში ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან საქართველოში. მუდმივ კოორდინაციაში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე მოქალაქეებთან, რომლებიც ხართუმში იმყოფებიან". – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიშვილმა.

სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფება. ავიაკომპანიების, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის გენერალური დირექტორები აღნიშნავენ, რომ სუდანში მყოფი ქართველების ნაწილი მათი კომპანიების თანამშრომლები არიან.


სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 97 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა, კიდევ 365 კი დაშავდა. გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ. 

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები