ვაგნერის ჯგუფი

პრიგოჟინი ცხინვალში ყოფილი ვაგნერელის ჩადენილ მკვლელობას ეხმაურება

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ოკუპირებულ ცხინვალში ყოფილი ვაგნერელის მიერ ჩადენილ მკვლელობას საკუთარი პრესსამსახურის გვერდით ეხმაურება.

პრიგოჟინმა შეკითხვა მკვლელობასთან დაკავშირებით The Daily Beast-ისგან მიიღო. 

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენს ყველა დაქვემდებარებულსა და მათ ბედს მას შემდეგ, რაც სახლში ბრუნდებიან. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ დღეს განმეორებითი დანაშაული 0.28-დან 0.32%-მდე მერყეობს, როცა ადრე 3.5-7% იყო. ამიტომ, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მუშაობის შემდეგ დანაშაული ათჯერ და მეტად მცირდება.

გიორგი სიუკაევმა ვინ მოკლა და რატომ, ვაზუსტებთ. როგორც კი ინფორმაცია გვექნება, სიამოვნებით გაგიზიარებთ. ამიტომ სათაურები, რო "კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები სახლში დაბრუნების შემდე უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ" არც თუ ისე შესაფერისია. გთავაზობ სათაურს: კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში მსახურობის შემდეგ ყოფილი დამნაშავეებიც კი იშვიათად ჩადიან განმეორებით დანაშაულს". – წერს პრიგოჟინი და თან ურთავს საკუთარ განმარტებას თუ რატომ მოხდა მკვლელობა. 

პრიგოჟინის დაზუსტებაში წერია, რომ მოკლული ვალიევი, ზედმეტსახელად ცუგრი, ქალაქ ცხინვალში ყველასთვის "ცნობილი იყო როგორც შეშლილი", რომელიც ხშირად მთვრალი იყო და "ადგილობრივებს აწუხებდა". პრიგოჟინის დაზუსტების მიხედვით, 17 აპრილს ვალიევი დაახლოებით 20:00-ისთვის ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე "ყველა გამვლელს აწუხებდა, შეურაცხყოფდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა". პრიგოჟინის დაზუსტებაში წერია, რომ ამის შემდეგ ვალიევი მივიდა ახლომდებარედ გაჩერებულ მანქანასთან და მასში მსხდომები "შეურაცხყო და დაემუქრა", რის პასუხადაც მათ აქვე მდგომ სიუკაევს დაუძახეს. პრიგოჟინის მტკიცებით უთანხმოება ამ ფაქტს მოჰყვა.

სოსლან ვალიევი ორი დღის წინ მიღებული ჭრილობების შედეგად ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, რასაც ოკუპირებულ რეგიონში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე, გიორგი სიუკაევი ცხელ კვალზე დააკავეს. მის დაკავებამდე მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა სპეციალური სხდომა ჩაატარა, სადაც სიუკაევის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"სამწუხარო რამ მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მასთან მიდის, აუცილებელია მისი მიწიდან ამოთხრაც კი. ყველა, ვინც შესაძლოა მას მალავდა, მალავდა მის ავტომობილს, ყველას დააკავებენ. თუ ხალხი საკმარისი არ იქნება, სახელმწიფო სამსახური და სპეციალური დანიშნულების მობილური დანაყოფიც (ОМОН) დაგეხმარებათ. ეს რეზონანსული საქმეა". – თქვა გაგლოევმა.

ბრალდებულთან დაკავშირებით, მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ცნობა, რომ ის ვაგნერის რიგებში იბრძოდა და უკრაინიდან მცირე ხნის წინ დაბრუნდა. 

"გიორგი სიუკაევი ვაგნერელებთან მოხვდა საპატიმროდან, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რაც 2014 წელს დონბასში სამხედრო მოქმედებების დროს ჩაიდინა, სადაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთიდან მოხალისის სახით იყო წასული. აქამდე ის, სრულიად ახალგაზრდა, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა". – წერდა ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი სიუკაევზე, რომელიც, ამავე ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს "არბალეტის" ზედმეტსახელით იყო ცნობილი.

"გიორგი სიუკაევი ვაგნერელებთან მოხვდა საპატიმროდან, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რაც 2014 წელს დონბასში სამხედრო მოქმედებების დროს ჩაიდინა, სადაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთიდან მოხალისის სახით იყო წასული. აქამდე ის, სრულიად ახალგაზრდა, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა". – წერს ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი სიუკაევზე, რომელიც, ამავე ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს "არბალეტის" ზედმეტსახელით იყო ცნობილი.

ცუგრი, როგორც ეძახდნენ სოსლან ვალიევს, მოიგონეს ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ და ალან გაგლოევმა. კოკოითიმ მას "უწყინარი ბიჭი" და "ცხინვალის სიმბოლო" უწოდა.  ბიბილოვმა კი აღნიშნა, რომ ვალიევს "უყვარდა ოსეთი და რუსეთი" და "ფაშიზმზე გამარჯვების" სწამდა. 

ვაგნერის ჯგუფს გასულ წელს რუსეთის პენიტენციური დაწესებულებებიდან საკუთარ რიგებში პატიმრები აჰყავდა. პროცესში თავად ჯგუფის დამფუძნებელი, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი მონაწილეობდა. მომავალში ეს პროცესი შეწყდა. 

პრიგოჟინი რეკრუტირებაზე: პატიმრების ეფექტიანობა ზოგ მაღალჩინოსანს უხერხულობას უქმნიდა

კომენტარები