ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

მედია: ცხინვალში შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებული ვაგნერის მებრძოლი იყო

ვაგნერის ჯგუფის წევრი ბახმუტთან.
Sputnik

როგორც გამოცემა Эхо Кавказа წერს, ტელეგრამ-არხებზე, Сапа 15-სა и Ног Ирыстон-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალში 38 წლის შშმ პირის, სოსლან ვალიევის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სიუკაევი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში იბრძოდა და უკრაინიდან მცირე ხნის წინ დაბრუნდა. ამავე ინფორმაციას აზიარებს სეპარატისტების მედია Рес-იც.

"გიორგი სიუკაევი ვაგნერელებთან მოხვდა საპატიმროდან, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რაც 2014 წელს დონბასში სამხედრო მოქმედებების დროს ჩაიდინა, სადაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთიდან მოხალისის სახით იყო წასული. აქამდე ის, სრულიად ახალგაზრდა, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა". – წერს ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი სიუკაევზე, რომელიც, ამავე ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს "არბალეტის" ზედმეტსახელით იყო ცნობილი.

სოსლან ვალიევი გასულ დღეს მიღებული ჭრილობების შედეგად ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, რასაც ოკუპირებულ რეგიონში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე, გიორგი სიუკაევი ცხელ კვალზე დააკავეს. მის დაკავებამდე მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა სპეციალური სხდომა ჩაატარა, სადაც სიუკაევის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"სამწუხარო რამ მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მასთან მიდის, აუცილებელია მისი მიწიდან ამოთხრაც კი. ყველა, ვინც შესაძლოა მას მალავდა, მალავდა მის ავტომობილს, ყველას დააკავებენ. თუ ხალხი საკმარისი არ იქნება, სახელმწიფო სამსახური და სპეციალური დანიშნულების მობილური დანაყოფიც (ОМОН) დაგეხმარებათ. ეს რეზონანსული საქმეა". – თქვა გაგლოევმა. 

ცუგრი, როგორც ეძახდნენ სოსლან ვალიევს, მოიგონეს ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ და ალან გაგლოევმა. კოკოითიმ მას "უწყინარი ბიჭი" და "ცხინვალის სიმბოლო" უწოდა.  ბიბილოვმა კი აღნიშნა, რომ ვალიევს "უყვარდა ოსეთი და რუსეთი" და "ფაშიზმზე გამარჯვების" სწამდა. 

ვაგნერის ჯგუფს გასულ წელს რუსეთის პენიტენციური დაწესებულებებიდან საკუთარ რიგებში პატიმრები აჰყავდა. პროცესში თავად ჯგუფის დამფუძნებელი, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი მონაწილეობდა. მომავალში ეს პროცესი შეწყდა. 

პრიგოჟინი რეკრუტირებაზე: პატიმრების ეფექტიანობა ზოგ მაღალჩინოსანს უხერხულობას უქმნიდა

კომენტარები