შეტაკებები სუდანში

ხართუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

სუდანის შეიარაღებული ძალები
Deutsche Welle

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ ხართუმის აეროპორტში ჭურვის ჩამოგდების შედეგად სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. ამავე ინფორმაციით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ

სუდანს, სადაც 1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, 2021 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ სამხედრო გენერლები სუვერენული საბჭოს მეშვეობით მართავენ. სამხედრო გადატრიალება სუდანში ოქტომბრის ბოლოს მოხდა. 25 ოქტომბერს აბდელ ფატა ალ-ბურჰანის ბრძანებით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის პრემიერმინისტრი, აბდალა ჰამდოკი, დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამხედრო გადატრიალებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით ხალხმრავალი აქციები დედაქალაქ ხართუმში გაიმართა. დემონსტრანტებთან უშიშროების ძალების დაპირისპირების შედეგად სუდანში 41 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო რამდენიმე წელია, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებულ საბჭოს მხარეები, რომლებიც ქვეყანას ერთობლივად მართავდნენ, დაპირისპირებულები არიან. გენერალი ბურჰანი, რომელიც საბჭოს წევრი იყო, ამბობს, რომ სამხედრო გადატრიალება სამოქალაქო ომის თავიდან არიდებისთვის იყო საჭირო.

ამჟამად სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, გენერლის მოჰამედ ჰამდან დაგალოსი მეთაურობს. მას ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში ედება, რომელიც 2019 წლის ივნისში მინიმუმ 120 დემონსტრანტის მკვლელობასაც მოიცავს. ამავდროულად, სუდანის არმიას გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მართავს, რომელიც სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელია.

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

სუდანში აშშ-ს ელჩმა, ჯონ გოდფრიმ Twitter-ზე დაწერა, რომ დაძაბულობის ესკალაცია სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად საშიშია და ორივე მხარის ხელმძღვანელობას შეტაკებების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, იგი საელჩოს სხვა თანამშრომლებთან ერთად თავშესაფარში იმყოფება. 

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც ამჟამად ვიეტნამში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აღნიშნა, რომ სიტუაცია ხართუმში მყიფეა. მისივე თქმით, სუდანში სამოქალაქო მთავრობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში შესაძლოა სხვა აქტორებიც იყვნენ ჩართულნი. 

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TACC წერს, რომ რუსეთის საელჩო სუდანში შეშფოთებულია "ძალადობის ესკალაციის გამო" და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. რუსეთის საელჩოს განცხადებით, ხართუმში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ რუსი დიპლომატები უსაფრთხოდ არიან.

გარდა აშშ-სა და რუსეთისა, ბრიტანეთის საელჩო სუდანში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ოფიციალური პირები "ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას ხართუმსა და სუდანის სხვა ადგილებში, სადაც სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს".

კომენტარები