სუდანი

სუდანის გარდამავალი მთავრობის წევრები და სამოქალაქო ლიდერები სამხედრო ძალებმა დააკავეს

სუდანის გარდამავალი მთავრობის წევრები და სხვა სამოქალაქო ლიდერები სამხედრო ძალებმა დააკავეს.

პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი უცნობმა სამხედროებმა შინა პატიმრობაში აიყვანეს. არმიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. პროდემოკრატიული ჯგუფები ხალხს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

სუდანი მმართველის ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დამხობის და გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვინ დგას მთავრობის წევრების დაკავების უკან.

საინფორმაციო სამინისტროს Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თანამდებობის პირები "გაერთიანებულმა სამხედრო ძალებმა" დააკავეს და ისინი "უცნობ ლოკაციაზე არიან".

როგორც BBC-ი წერს, თვითმხილველთა თქმით, დედაქალაქ ხართუმში ინტერნეტი გათიშულია. სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს როგორ წვავენ დემონსტრანტები ქუჩებში საბურავებს. 

ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია. სუდანის მთავარმა პროდემოკრატიული ჯგუფი მხარდამჭერებს სახელმწიფო გადატრიალებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს. ბაშირის რეჟიმის დამხობის შემდეგ სახელმწიფოს სამხედრო და სამოქალაქო ლიდერებისგან შემდგარი გარდამავალი მთავრობა მართავდა. გარდამავალ მთავრობას კიდევ ერთი წელი უნდა ემართა ქვეყანა, რის შემდეგაც არჩევნების დანიშვნა იგეგმებოდა. ქვეყანაში დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სექტემბერში ბაშირის მხარდამჭერების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ოქტომბერში სუდანში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებმა ხართუმში საპროტესტო აქციები დაიწყეს და სამხედრო ძალებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოუწოდეს. პროდემოკრატიული ჯგუფების თანახმად, ეს სამხედროების მცდელობაა, ქვეყნის მმართველობა დაუბრუნონ. 

გასულ კვირას ათიათასობით ადამიანმა გარდამავალი მთავრობისთვის სოლიდარობის გამოსახატად ხართუმში აქციები გამართა. თუმცა ბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისი ფონზე მთავრობის ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუდანში გამართული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და გადატრიალება მოხდა.

კომენტარები