იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

"ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში" – 14 აპრილს დედაენის ბარში ღონისძიება გაიმართება

14 აპრილს, 15:00 საათზე კამპანია "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" ფარგლებში, დედაენის ბარში გაიმართება ღონისძიება - "ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში", სადაც გალის მკვიდრი ქართველები მოყვებიან განგრძობადი აპარტეიდული პოლიტიკის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

"ქართული საზოგადოების მიერ საბჭოთა ხელისუფლების გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ ქართული ენის დღეს მოპოვებული გამარჯვებიდან 45 წლის შემდეგ, კრემლი კვლავ ცდილობს მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის გამოყენებით გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გარუსებას, მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვით, ხშირ შემთხვევაში კი, სრულად აკრძალვით. 

დღესაც გალში მცხოვრებ ქართველებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, არც სკოლებში და არც საბავშვო ბაღებში. ამას გარდა, მკაცრად არის შეზღუდული ქართულენოვანი ლიტერატურის გავრცელება. 

აპარტეიდული პოლიტიკის შედეგია, რომ არაერთი ეთნიკურად ქართველი გალელი რუსულ ენას მშობლიურზე უკეთ ფლობს. 

ქართული ენა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მასთან ბრძოლა ქართული იდენტობის განადგურებას ისახავს მიზნად, რაც აფხაზეთის ომში ჩადენილი გენოციდით განახლებული ანტიქართული, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარები