ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო

ლეგიონი რუსეთის თავისუფლების წევრები, 2022 წლის აგვისტო

რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ, რომელიც აცხადებს რომ უკრაინაში მოქმედი ანტიპუტინისტური ჯგუფია.

ტელეგრამ-არხ როსპარტიზანზე (რუსი პარტიზანი) გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმიის "პეტერბურგის შტო" იღებდა. ინფორმაცია გაავრცელა უკრაინაში მცხოვრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმაც, რომელიც ამ ჯგუფისა და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების შესახებ საუბრობს ხოლმე.

"ჩვენ მოვამზადეთ და განვახორციელეთ 2023 წლის 2 აპრილის ქმედება Z-აქტივისტების ჯგუფისა და პირადად ცნობილი წამქეზებლისა და ომის პროპაგანდისტის, სამხედრო დამნაშავე მაქსიმ ფომინის, ცნობილი, როგორც ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ. ეს ქმედება მომზადებული და განხორციელებულია ჩვენს მიერ, დამოუკიდებლად და არ გვაქვს კავშირი, არც დახმარება მიგვიღია არანაირი უცხოური სტრუქტურისგან, მით უმეტეს სპეცსმასახურისგან". – წერია შეტყობინებაში. 

ასევე, ხაზგასმულია, რომ ქმედება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ მოუწყვიათ და ყველა დამსწრე ომის აქტიურ მხარდამჭერთა შორის იყოს. ამას გარდა, მათ რუს უფლებადამცველებს მოუწოდეს, დაეხმარონ აფეთქებაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვასა და "სხვა უდანაშაულო პირებს".

2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები აფეთქებას უკრაინას აბრალებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასთანაა კავშირში. ამას გარდა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ, მისი აზრით, აფეთქებაში კიევი ჩართული არაა და ეს ჩაიდინა "რადიკალების" ჯგუფმა, რომელსაც არ აქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დარია ტრეპოვა, რომელიც ეჭვმიტანილია აფეთქებაში მონაწილეობაში. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი თავდასხმას უკრაინის სპეცსამსახურებსა და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს, კერძოდ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებს აბრალებს

ვრცლად თუ ვინ იყო ტატარსკი და რა არის ცნობილი მისი აფეთქების შესახებ, წაიკითხეთ აქ – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს.

 

რუსი სამხედრო ბლოგერის აფეთქებამდე გადაღებული კადრები გავრცელდა

გასული წლის აგვისტოში ყოფილმა რუსმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმა გამოაცხადა, რომ კრემლის პროპაგანდისტისა და ე.წ. "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმია იღებდა. მაშინ ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრებოდა და წერდა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრებოდა.

ამავე წლის აგვისტოს ბოლოს ჯგუფებმა, რომლებიც თავს "რუსეთის შეიარაღებულ ოპოზიციას" უწოდებდნენ, უკრაინაში გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა, ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ და ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ (НРА) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას და დაგეგმეს საერთო პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარიოვი უნდა გაძღოლოდა. ამის შემდეგ "გაერთიანებული ოპოზიციისგან" მნიშვნელოვანი სიახლეები აღარ გავრცელებულა.

რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია უკრაინაში გაერთიანდა

უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაქვემდებარებული დანაყოფი, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება 2022 წლის მარტში შეიქმნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მის ჩამოყალიბებაში მოანწილეობდა გაზპრომბანკის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი.

რაც შეეხება ეროვნულ რესპუბლიკურ არმიას, მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტომდე არ არსებობდა, მანამ სანამ არ გავრცელდა ცნობა, რომ მათ დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. პონომარიოვი ამბობდა, რომ ჯგუფი პასუხისმგებელი იყო რუსეთში მომხდარ ხანძრებსა და აფეთქებებზეც.

დუგინას აფეთქების მეორე ვერსია – დუმის ყოფილი დეპუტატი კვლავ რუს პარტიზანებზე საუბრობს

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეროვნული რესპუბლიკური არმია სინამდვილეში არ არსებობს და ეს არის შენიღბვის საშუალება უკრაინული სპეცსამსახურებისთვის, რათა რუსეთში მოქმედებები აწარმოონ.

კომენტარები