ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

რუსი სამხედრო ბლოგერის აფეთქებამდე გადაღებული კადრები გავრცელდა

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებიც რუსი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის აფეთქების წინ, კაფე სტრიტ-ფუდ ბარ N1-ში გადაიღეს. 

კადრებში ჩანს ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა, რომელიც, როგორც აქამდე მომსწრეთა ცნობებით იყო ცნობილი, აუდიტორიას ნასტიას სახელით გაეცნო. გავრცელებულ კადრებში ვლადლენ ტატარსკი ხსნის ახალგაზრდა ქალის მიერ გადაცემულ ყუთს, რომელშიც თავად სამხედრო ბლოგერის ბიუსტი იდო. კადრებში ტრეპოვა მაგიდისკენ მიდის, თუმცა მას ტატარსკი ეძახის, რომ აუდიტორიის წინ დაჯდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ისმის აფეთქების ხმა. ტრეპოვა კიდევ ერთხელ, უკვე აფეთქების შემდეგ, კაფის გარეთ ჩნდება. 

კიდევ ერთ ვიდეოში, ჩანს უშუალოდ აფეთქებაც. 

2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავებულია 32 ადამიანი.

რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები აფეთქებას უკრაინას აბრალებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასთანაა კავშირში. ამას გარდა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ, მისი აზრით, აფეთქებაში კიევი ჩართული არაა და ეს ჩაიდინა "რადიკალების" ჯგუფმა, რომელსაც არ აქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დარია ტრეპოვა, რომელიც ეჭვმიტანილია აფეთქებაში მონაწილეობაში. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი თავდასხმას უკრაინის სპეცსამსახურებსა და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს, კერძოდ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებს აბრალებს

ვრცლად თუ ვინ იყო ტატარსკი და რა არის ცნობილი მისი აფეთქების შესახებ, წაიკითხეთ აქ – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს.

 

კომენტარები