პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ვლადიმირ პუტინის "ცრუ სპეკულაციებს," რომ მომავალში უკრაინის ტერიტორია დაიყოფა და დასავლეთ ნაწილს პოლონეთი მიიღებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანი მოკავშირებს შორის განხეთქილეების გამოწვევის "ცინიკური მცდელობაა".
"ჩვენ ცალსახად უარვყოფთ ვლადიმირ პუტინის ცრუ სპეკულაციებს უკრაინის შესაძლო დაყოფასა და მასში პოლონეთის ჩართულობასთან დაკავშირებით – ეს წარმოადგენს მოკავშირეებს შორის ანტაგონიზმის პროვოცირების ცინიკურ მცდელობას." – წერს პოლონეთის საგარეოს სპიკერი მაჩეი ვევიორი X-ზე.
ვევიორის თქმით, პოლონეთს არასდროს ჰქონია და არც ექნება უკრაინის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები.
"ჩვენი პოზიცია ურყევია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსული დეზინფორმაცია მოსკოვის სასტიკი აგრესიისგან ყურადღებას ვერ გადაიტანს." – დაამატა მან.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა 26 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარ დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს "ადრე თუ გვიან" დაკარგავს. პუტინის თქმით, უკრაინის დასავლეთის ტერიტორია "პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის" ისტორიული კუთვნილებაა და, მისივე მტკიცებით, "ადრე თუ გვიან ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება".




