ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

რუსეთი ტატარსკის აფეთქებას უკრაინის სპეცსამსახურებსა და ნავალნის მხარდამჭერებს აბრალებს

მარცხნივ - ვლადლენ ტატარსკი, მარცხნივ - დარია ტრეპოვა რუსეთის შსს-ს დაკითხვაზე.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბრალდებით, სამხედრო კომენტატორი ვლადლენ ტატარსკის აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების, კორუფციასთან ბროძლის ფონდის მონაწილეობით დაგეგმეს.

"2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტი ვლადლენ ტატარსკის მიმართ ჩადენილი ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, იმ აგენტურის პირების მონაწილეობით, რომლებიც თანამშრომლობენ ნავალნის ე.წ. კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა დარია ტრეპოვა". – ნათქვამია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დარია ტრეპოვა, რომელიც ეჭვმიტანილია ტატარსკის მკვლელობაში და არის ის, ვინც სამხედრო ბლოგერს ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი ქანდაკება გადასცა. ამას გარდა, რუსეთის შსს-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ტრეპოვა ამბობს, რომ ტატარსკის ასაფეთქებლის შემცველი ქანდაკება თავად გადასცა. 

2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავებულია 32 ადამიანი.

რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები აფეთქებას უკრაინას აბრალებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასთანაა კავშირში. ამას გარდა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ, მისი აზრით, აფეთქებაში კიევი ჩართული არაა და ეს ჩაიდინა "რადიკალების" ჯგუფმა, რომელსაც არ აქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან. 

ვრცლად თუ ვინ იყო ტატარსკი და რა არის ცნობილი მისი აფეთქების შესახებ, წაიკითხეთ აქ – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს.

კომენტარები