ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

რუსული მედია: ტატარსკის ბიუსტის მსგავსი საგნები სხვა სამხედრო კომენტატორებმაც მიიღეს

კადრი აფეთქების ვიდეოდან

რუსული მედია წერს, რომ აფეთქებული სამხედრო კომენტატორი ვლადლენ ტატარსკის მსგავსი ბიუსტები სხვა სამხედრო კომენტატორებმაც მიიღეს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან სამხედრო დარგის ექსპერტად გამოცხადებულმა კონსტანტინ სივკოვმა ისაუბრა.

სივკოვის თქმით, მის სახელზე გამოგზავნილი იყო საბჭოთა გენერალი გიორგი ჟუკოვის ბიუსტი. მან ამანათის მიღებამდე პოლიციას მიმართა. მისი თქმით, შეფუთვა პოლიციელებმა და გამნაღმველებმა გახსნეს. მისივე მტკიცებით, მსგავსი ამანათები სხვა ცნობილმა ხალხმაც მიიღო, მათ შორის, როგორც თავად უწოდებს "დიდმა ფილოსოფოსმა" და "რამდენიმე სამხედრო კომენტატორმა და ექსპერტმა". სივკოვმა მათი ვინაობები არ დაასახელა და როგორც ამბობს, არ იცის სხვებს რა სახის ქანდაკებები გაიგზავნეს. მისივე თქმით, ჟუკოვის ბიუსტი კიდევ ერთმა პირმა მიიღო და მასში ასაფეთქებელი არ იყო. საკუთარ სახელზე მიღებულ ქანდაკებასთან დაკავშირებით კი მან თქვა, რომ ჯერ არ იცის, შეიცავდა თუ არ ამანათი ასაფეთქებელს.

აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდა "დიდ ფილოსოფოსად" ხშირად მოიხსენიებს ე.წ. "რუსული სამყაროს" პროპაგანდისტს, ალექსანდრ დუგინს. 

როგორც რუსული მედია წერს, ყველა ამანათი ერთი პირის მიერაა გაგზავნილი, სავარაუდოდ ულიანოვსკიდან.

სივკოვის მტკიცებით, ეს სიტუაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ან სამხედრო დაზვერვის მიერ დაგეგმილი დაშინებაა.


2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები აფეთქებას უკრაინას აბრალებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასთანაა კავშირში. ამას გარდა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ, მისი აზრით, აფეთქებაში კიევი ჩართული არაა და ეს ჩაიდინა "რადიკალების" ჯგუფმა, რომელსაც არ აქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დარია ტრეპოვა, რომელიც ეჭვმიტანილია აფეთქებაში მონაწილეობაში. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი თავდასხმას უკრაინის სპეცსამსახურებსა და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს, კერძოდ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებს აბრალებს. ამას გარდა რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაში უშუალოდ მონაწილე მეორე პირი უკრაინის მოქალაქე იური დენისოვია. მათივე მტკიცებით, ის უკრაინული "დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის" წევრია, თუმცა არ ასახელებენ რა ჯგუფზეა საუბარი.

ამას გარდა, ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ, რომელიც აცხადებს რომ უკრაინაში მოქმედი ანტიპუტინისტური ჯგუფია. წარსულში ამ ჯგუფმა პასუხისმგებლობა პროპაგანდისტი და ე.წ. "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, დარია დუგინას აფეთქებაზეც აიღო, თუმცა მათი არსებობა დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება. 

ვრცლად თუ ვინ იყო ტატარსკი და რა არის ცნობილი მისი აფეთქების შესახებ, წაიკითხეთ აქ – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს.

კომენტარები