ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

რუსეთის ФСБ-მ ტატარსკის მკვლელობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დაასახელა

ვლადლენ ტატარსკი

რუსი პროპაგანდისტისა და სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დაასახელა.

ФСБ-ს მტკიცებით, მკვლელობა დაგეგმეს უკრაინის სპეცსამსახურებმა და რუსეთის მთავრობის ოპოზიციის მათზე დაქვემდებარებულმა პირებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. 

რუსული სპეცსამსახურის მტკიცებით, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაში უშუალოდ მონაწილე მეორე პირი უკრაინის მოქალაქე იური დენისოვია. მათივე მტკიცებით, ის უკრაინული "დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის" წევრია, თუმცა არ ასახელებენ რა ჯგუფზეა საუბარი.

ФСБ-ში ამბობენ, რომ სწორედ მან გადასცა დარია ტრეპოვას თაბაშირის ბიუსტი, რომელიც შემდეგ აფეთქდა და ვლადლენ ტატარსკი მოკლა. ФСБ-ს მტკიცებით, დენისოვი თებერვალში, უკრაინის სპეცსამსახურების მითითებებით, მოსკოვში კიევიდან, ლატვიის ტერიტორიის გავლით ჩამოვიდა და ტატარსკიზე ინფორმაციას აგროვევდა. მათივე თქმით, ამ მიზნით უკრაინის მოქალაქემ ტატარსკის მეზობლად იქირავა სახლი და იყიდა მანქანა. ФСБ-ს ცნობით, აფეთქების შემდეგ, 3 მარტს დენისოვი თურქეთში სომხეთის გავლით გაფრინდა. რუსეთი მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს.

2 აპრილს რუსი სამხედრო ბლოგერი სანქტ-პეტერბურგის ბარში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. კაფეში რუსი ულტრანაციონალისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რუსეთის მედიის ცნობით, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები აფეთქებას უკრაინას აბრალებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასთანაა კავშირში. ამას გარდა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ, მისი აზრით, აფეთქებაში კიევი ჩართული არაა და ეს ჩაიდინა "რადიკალების" ჯგუფმა, რომელსაც არ აქვს კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დარია ტრეპოვა, რომელიც ეჭვმიტანილია აფეთქებაში მონაწილეობაში. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი თავდასხმას უკრაინის სპეცსამსახურებსა და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს, კერძოდ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებს აბრალებს.

ამას გარდა, ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ, რომელიც აცხადებს რომ უკრაინაში მოქმედი ანტიპუტინისტური ჯგუფია. წარსულში ამ ჯგუფმა პასუხისმგებლობა პროპაგანდისტი და ე.წ. "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, დარია დუგინას აფეთქებაზეც აიღო, თუმცა მათი არსებობა დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება. 

ვრცლად თუ ვინ იყო ტატარსკი და რა არის ცნობილი მისი აფეთქების შესახებ, წაიკითხეთ აქ – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს.

კომენტარები