ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კაფეში ააფეთქეს

ვლადლენ ტატარსკი

2 აპრილს სანქტ პეტერბურგის კაფე სტრიტ-ფუდ ბარ N1-ში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი ემსხვერპლა. 

ტატარსკი, რომელიც 2014 წელს დონბასში ომის დაწყების დროს ციხიდან გაიქცა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი სამხედრო ბლოეგერი იყო, რომელსაც ტელეგრამ-არხზე 560 000-მდე გამომწერი ჰყავდა. მას კავშირები ჰქონდა როგორც კრემლში, ისე რუს ნაციონალისტებთან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან. ტატარსკი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაეფექტიან მოქმედებებს უკრაინის ომში.

ტატარსკი 2011 წელს უკრაინაში ბანკის ძარცვისთვის იყო დაკავებული. 2014 წელს, დონბასში ომის დაწყებისას ის ციხიდან გაიქცა, თუმცა შემდეგში კვლავ დააკავეს. საბოლოოდ ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ უკანონოდ შეიწყალა და მას შესაძლებლობა მისცა უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბატალიონ ვოსტოკში ებრძოლა.

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ტატარსკის მკვლელობა შესაძლოა კრემლის შიდა წრეებში დაპირსიპირებაზე მიუთითებდეს.

ტატარსკი დროთა განმავლობაში იყო დონბასში რუსული მარიონეტული ძალების წევრი, რეგულარულად გამოხატავდა ულტრანაციონალისტურ შეხედულებებს და ცდილობდა ბალანსი დაეჭირა ერთის მხრივ ვაგენრის და მეორეს მხრივ ვლადიმირ პუტინის ერთულებაში. ის ესწრებოდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის გამოცხადების ცერემონიას, გასული წლის 30 სექტემბერს. "ჩვენ დავამარცხებთ ყველას, ჩვენ მოვკლავთ ყველას, ჩვენ გავძარცვავთ ყველას, ვისაც საჭიროა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა" - ამბობდა ტატარსკი ვიდეოში, რომელიც ცერემონიიდან გაავრცელა. ამას გარდა, ISW-ს მიხედვით, ტატარსკი ჩართული იყო ისლამური ჯიჰადის პროპაგანდაში, რათა დახმარებოდა რეკრუტირების პროცესს. ტატარსკი იყო ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ტელეგადაცემის თანაწამყვანიც და სხვადასხვა მედიაპლატფორმებზე ხშირად ჩნდებოდა. მას ჰქონდა თანხების აგროვებისა და რეკრუტირების კამპანიები, არეკლამებდა ძალადობრივ მილიტარიზმს და მხარს უჭერდა პუტინის იდეოლოგიასა და მაქსიმალისტურ მიზნებს უკრაინის "დენაციფიკაციისა" და "დემილიტარიზაციის" შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ჯგუფს შესაძლოა მოეკლა ტატარსკი. აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც წარსულში ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელს, ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ეს ობიექტი მან ულტრანაციონალისტთა მოძრაობას, კიბერ Z ფრონტს გადასცა. ეს ჯგუფი აქ შეხვედრებს ატარებდა. აფეთქებაც მოხდა სწორედ ერთ-ერთ მსგავს შეხვედრაზე, რომელსაც 100-მდე დამსწრე ჰყავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 32-მდე პირი.

ISW-მ საკუთარ ანგარიშში შეაჯამა დეტალები, რომლებიც აფეთქებაში მონაწილე პირთან დაკავშირებით გავრცელდა: მოწმეთა თქმით, ტატარსკის ახალგაზრდა გოგომ, რომელიც თავი ნასტიას სახელით წარადგინა, გადასცა ქანდაკება და შემდეგ დამსწრე საზოგადოებას უთხრა, რომ ღონისძიების დაცვამ მას ჰკითხა, იყო თუ არა მოთავსებული ბომბი მის ქანდაკებაში. თუმცა, მომსწრეთა თქმით, ღონისძიებას დაცვა არ ჰყოლია. მათივე თქმით, აფეთქება ქანდაკების გადაცემიდან 5 წუთის შემდეგ მოხდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროები ამბობენ, რომ შესაძლოა ასაფეთქებლის გააქტიურება დისტანციურად მოხდა. რუსეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები დარია ტრეპოვა, რომელიც აქამდე, 2022 წლის თებერვალში ანტისაომარი აქციების დროს იყო დაკავებული. ამას გარდა, რუსეთის შსს-ს წყაროების თქმით, სპეცსამსახურებმა უკვე დიდი ხანი იცოდნენ, რომ ტატარსკის მკვლელობა იგეგმებოდა.

ტატარსკის მკვლელობას რუსი პროპაგანდისტები და ოფიციალური პირები უკრაინას აბრალებენ. მკვლელობაში კიევი დაადანაშაულა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. პროპაგანდისტი თინა კანდელაკი წერდა, რომ რუსეთმა უბდა დასაჯოს "ტერორისტები", რომლებსაც კვლავ აქვთ "ენერგია, წყალი, მოქმედი რკინიგზა, რესტორნები და ინტერნეტი" - რაშიც ის უკრაინელ ხალხს გულისხმობდა. მისი დამსჯელობითი პოზიცია გაიზიარა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმაც. რუსი სამხედრო ბლოგერები ფიქრობენ, რომ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მსგავს შეხვედრებს ესწრებოდნენ და თავდასხმას მათ აბრალებენ.

საინტერესოა, რომ ევგენი პრიგოჟინმა ამ პროპაგანდისტებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ ის თავდასხმას კიევს არ აბრალებს და სავარაუდოდ ეს მოაწყო "რადიკალურმა" ჯგუფმა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი ამბობს, რომ ტატარსკის სიკვდილი რუსეთი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შედეგია. 

ტატარსკი დანარჩენი სამხედრო ბლოგერების შეხედულებებს ძირითადად იზიარებდა, თუმცა კიევს მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არასდროს მიუქცევია. სამხედრო ბლოგერების დიდი ნაწილი არამხოლოდ აანალიზებს მიმდინარე პროცესებს, არამედ ჩართული არიან ფრონტისთვის თანხების აგროვებასა და რეკრუტირებაში. მათი ნაწილი ასევე კრიტიკულადაა განწყობილი პუტინისა და რუსეთის თავდაცვის უწყების მიმართ. ISW-ს შეფასებით, ტატარსკის მკვლელობა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ პუტინის მოთმინება სამხედრო ბლოგერების მიმართ იწურება. თუმცა, ISW ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა ის პრიგოჟინთან სიახლოვის გამოც აეფეთქებინათ.

ISW-ს შეფასებით, სამხედრო ბლოგერის აფეთქება ბარში, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, არის უფრო დიდი სურათის ნაწილი, რომელიც მოიცავს რუსეთის შიდა კონფლიქტებს, ვაგნერისა და პრიგოჟინის ჩართულობით. ტატარსკის ამავე დღეს სხვა ღონისძიებაც ჰქონდა, რომელმაც დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. როგორც ჩანს, აფეთქების სამიზნედ პრიგოჟინის კაფე სპეციალურად შეარჩიეს. 

ასევე, ISW ვარაუდობს, რომ შესაძლოა აფეთქება გაფრთხილება იყო პრიგოჟინისთვის, რომელიც მზარდად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის მიდგომებს უკრაინაში და თან მისგან ისმის მინიშნებები, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატურაზე. 

კომენტარები