სასამართლო კლანის სანქცირება

არახამია: შეიძლება სიახლეებს ივანიშვილის მიერ რუსებისთვის სანქციების არიდებაზეც ველოდოთ

დავით არახამია

"ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან", – წერს უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე.

არახამიას თქმით, ახლო მომავალში შესაძლოა სიახლეებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესგარემოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არიდებაში სავარაუდო დახმარებისთვისაც ველოდოთ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აშშ-მ ოთხ ქართველ მოსამართლეს კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია პირველად დაუწესა. ჩემი აზრით, ეს ბოლო გაფრთხილებაა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დასრულდებოდა. პირველად არ მოისმინეს. რა გაეწყობა, იმედია ახლა გაიგებენ. 

მსურს შეგახსენოთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება ველოდოთ სიახლეებს". – დაწერა არახამიამ. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. 

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც თქვა, რომ  აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აქვს სანდო ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით.

კომენტარები