სახალხო დამცველის აპარატი

ელისაშვილი ჯულაყიძეზე: ჩემი დისშვილი რადგან არის, არანაირი გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სახალხო დამცველის მოადგილედ მისი დისშვილის, ნათია ჯულაყიძის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ელისაშვილის თქმით, ჯულაყიძე საკუთარი საქმის პროფესიონალია და იმის გამო არ უნდა დაიჩაგროს, რომ მისი დისშვილია. 

"ნეპოტიზმი არის, როცა აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის არმქონე ადამიანს, მხოლოდ შენი ახლობელი და ნათესავი რომ არის, ამის გამო წაიყვან და სადღაც თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, ყველაზე მეტად გული მე დამწყდა, იმიტომ, რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს რამე ევალებოდა და რაიმე ებარა, ნათია იყო. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს და არასოდეს არავინ არსად დამინიშნავს და რეკომენდაცია არ გამიწევია [...] დაუძახეთ ჩემს დისშვილს და ჰკითხეთ, სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია აქვს, რა ცოდნა აქვს, საქართველოში სად და როგორ სწავლობდა, საზღვარგარეთ სად სწავლობდა [...] ჩემი დისშვილი რადგან არის, პროფესიონალი თუ არის, ამიტომ ამ ცხოვრებაში არანაირი გასაქანი არ უნდა ჰქონდეს? ის ბავშვობიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. როცა მე რამდენიმე დღის წინ მელაპარაკა, ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია-თქო [...] მე ეს არანაირ უხერხულობას არ მიქმნის. მისი გადაწყვეტილებაა. მე ვუთხარი, რომ არ მინდა, პარტიიდან რომ წახვიდე-თქო". - თქვა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის, ნათია ჯულაყიძის დანიშვნას გამოეხმაურა. იოსელიანის თქმით, თუ ადამიანი პროფესიონალია, ელისაშვილთან ნათესაობა მისთვის რაღაც განაჩენი არ არის.

სახალხო დამცველის ახალი მოადგილე ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ ის ლევან იოსელიანთან წლების განმავლობაში მუშაობდა და პარტია მოქალაქეების პოლიტიკური საბჭოს წევრიც იყო. ჯულაყიძე ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა მას, ომბუდსმენის მოადგილე ამბობს, რომ აუცილებლად გააკრიტიკებს. 

ახალმა სახალხო დამცველმა, პარტია მოქალაქეების ყოფილმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა - ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. 

"ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ელენე ღუდუშაური კი, კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას" - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.

სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ პოსტები დატოვეს.

კომენტარები