სახალხო დამცველის აპარატი

იოსელიანი წულუკიანს: ვის დროსაა მოყვანილი ადამიანი არ უნდა იყოს რეორგანიზაციის საფუძველი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia/Facebook

ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზების საფუძველს მისი აზრით, არ უნდა წარმოადგენდეს ის თუ "ის პერიოდში არის მოყვანილი ან ვინ იყო სახალხო დამცველი იმ დროს".

"მე ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბატონი სოზარ სუბარის დროინდელი [თანამშრომელი], შემდეგ არის სხვა სახალხო დამცველების დროს მისული ადამიანები. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, ვის პერიოდში არის მოყვანილი ან ვინ იყო სახალხო დამცველი იმ დროს, ამით უნდა განვსაჯო მათი მომავალი და ეს უნდა იყოს რეორგანიზაციის საფუძველი. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს". - თქვა იოსელიანმა. 

ცნობისთვის, იოსელიანმა ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელი საპროტესტო აქციები უფლებადარღვევების კონტექსტში "განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო". ასევე, თქვა, რომ დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ხოლო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია.

ივანიშვილის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა იოსელიანს სიტყვით მიმართა და ჰკითხა ჩაატარა თუ არა რეორგანიზება და ხომ არ მუშაობს ისევ "ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად".

კომენტარები