სახალხო დამცველის აპარატი

არასწორი გადაწყვეტილებაა – სამნიძე იოსელიანის მოადგილედ ელისაშვილის დისშვილის დანიშვნაზე

http://eurus.ge/

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებაა" - ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი ხათუნა სამნიძე სახალხო დამცველის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას. სამნიძე ერთერთია იმ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან, ვინც ლევან იოსელიანის ომბუდსმენად არჩევას მხარი დაუჭირა.


ახალმა სახალხო დამცველმა, პარტია მოქალაქეების ყოფილმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ორი ახალი მოადგილე 3 აპრილს წარადგინა - ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. ჯულუყიძე მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

"ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ელენე ღუდუშაური კი, კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას" - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.

სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ პოსტები დატოვეს.

კომენტარები