ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ერევანს პუტინის დაკავების არავითარი სურვილი და განზრახვა არ აქვს – პარლამენტის ვიცესპიკერი

სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერი აკოფ არშაკიანი

სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერის აკოფ არშაკიანის თქმით, ერევანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში მისი დაკავების არავითარი სურვილი და განზრახვა არ აქვს. ამის შესახებ მან სომხურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა

"ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მიერ გამოთქმული შეშფოთება და ვფიქრობ, შევძლებთ უზრუნველვყოთ, რომ რომის სტატუტთან დაკავშირებულმა პროცესებმა რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები არ დააზიანოს". - აღნიშნა მან. 

არშაკიანის მტკიცებით, სომხეთსა და რუსეთს შორის შეიძლება გაფორმდეს ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლა გახდება შესაძლებელი და ამ გზით ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება. არშაკიანის თქმით, სომხეთმა მსგავსი ხელშეკრულება სხვა ქვეყანასთან უკვე გააფორმა, თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყანასთან. 

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების რატიფიცირება 24 მარტს მოახდინა, რის შემდეგაც, რუსეთის პროპაგანდისტული მედიის ცნობით, კრემლმა სომხეთისგან მოითხოვა, რომ ერევანი პუტინის დაკავების ორდენთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს.

არშაკიანის განმარტებით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ რომის წესდების სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს. მისი სიტყვებით, "[სომხეთის] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთ საქმეში არავის არ ცნობს დამნაშავედ და არც ვინმეს დაკავებას მოითხოვს".

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

კომენტარები