ისრაელი

ნეთანიაჰუ ბაიდენის კრიტიკაზე: გადაწყვეტილებებს ხალხის ნებით ვიღებთ და არა უცხოეთისგან

ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტიცხაკ ჰერცოგთან საუბრის დროს.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის ზეწოლას ვერ მიესალმება

"ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ხალხის ნებით და არა უცხოეთის, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლაზე დაყრდნობით". - აღნიშნავს ნეთანიაჰუ. 

მანამდე ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ მიმდინარე სასამართლოს რეფორმა შეეჩერებინა და დასძინა, რომ ისრაელის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან შეშფოთებულია. 

"ისრაელის ბევრი ძლიერი მხარდამჭერის მსგავსად, ძალიან შეშფოთებული ვარ. მაწუხებს, რომ ისინი ამას პირდაპირ მიიღებენ. იმედია, პრემიერმინისტრი იმოქმედებს ისე, რომ გარკვეული ჭეშმარიტი კომპრომისის შექმნას შეეცდება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ჩანს. ჩვენ არ გვინდა ჩარევა. ყოველ შემთხვევაში, არ ვერევით. მათ იციან ჩემი პოზიცია. მათ იციან ამერიკის პოზიცია. მათ იციან ამერიკელი ებრაელების პოზიცია". - თქვა ბაიდენმა. 


მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოვალეობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ, ისრაელის ქალაქების ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ცნობების მიხედვით, პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეჭრას. ისრაელის მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციის ბარიერები ვერ გადალახეს. 

გასულ დღეს გალანთმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დგას.

"ვხედავ, ჩვენი სიძლიერის წყარო იფიტება. მზარდი განხეთქილება ჩვენს საზოგადოებაში აღწევს ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სააგენტოებში. ეს ქმნის ცხად, დაუყოვნებელ და არსებით საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მე ამას ხელს არ შევუწყობ... ისრაელის უსაფრთხოების გულისთვის, ჩვენი ვაჟებისა და ქალიშვილების გულისთვის, საკანონმდებლო პროცესი ახლა უნდა შეჩერდეს, რათა ისრაელის ერს შესაძლებლობა ჰქონდეს ერთად აღნიშნოს პასექი და დამოუკიდებლობის დღე და ერთად იგლოვოს ჰოლოკოსტის მოგონების დღე". – ამბობდა გალანთი. 

გალანთს ღიად დაუჭირა მხარი ნეთანიაჰუს პარტიის ორმა წევრმა, მესამემ კი – ანონიმურად, მედიასთან საუბარში. თუმცა, საპირისპირო მხარეს, პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერმა, ითამარ ბენ გვირმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

ლიკუდის ორი წევრი, რომლებმაც გალანთის მხარდაჭერა ხმამაღლა გამოთქვეს დავით ბითანი და იული ედელშტეინი არიან. ეს უკანასკნელი ქნესეთის მნიშვნელოვანი ორგანოს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ის, რეფორმებისადმი უკმაყოფილების გამო, არ დაესწრო კენჭისყრის ბოლო პროცესებს. მისივე თქმით, ლიკუდის საპარლამენტო წარმომადგენლობიდან, 32 დეპუტატიდან რეფორმის შეჩერება და ოპოზიციასთან დიალოგის მცდელობა, სულ მცირე, 5 კანონმდებელს სურს.

მედიასთან ანონიმურად საუბრებში ლიკუდის ბევრი დეპუტატი სასამართლო რეფორმის ცვლილებას მხარს უჭერს, თუმცა ისინი თავს ცუდად გრძნობენ ეროვნულ დაყოფასთან დაკავშირებით, რაც ამ კანონპროექტის ინიცირებამ გამოიწვია.

ამჟამად, ისრაელის მედიის ინფორმაციით, 64-კაციანი მმართველი კოალიციიდან, სასამართლო კანონის ცვლილების წინააღმდეგია ოთხი პარლამენტარი, ბითანის, ედელშტეინისა და გალანთის ჩათვლით, თუმცა, მათ არ უთქვამთ, რომ ხმის მიცემის დროს საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ. ამისდა მიუხედავად, ქნესეთის ოთხ წევრს ბალანსის დარღვევა შეეძლება. თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც მომდევნო კვირებში უნდა მიიღონ, 120-კაციან ქნესეთში 64-კაციანი კოალიცია უმრავლესობას დაკარგავს. თუ ისინი ხმის მიცემისგან თავს შეიკავებენ, კოალიციას კანონის მიღება მაინც შეეძლება (კანონს ვერ მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ თავს 64-კაცაინი უმრავლესობის 7-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკავებს), თუმცა, როგორც ისრაელის მედიაში წერენ, 61-კაციან უმრავლესობაზე ნაკლები ხმით გატარებული შესწორების გაუქმება უმაღლეს სასამართლოს უფრო მარტივად შეეძლება. სწორედ ამიტომ, მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუს, მინიმუმ, 61-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.

"სამოქალაქო ომის საფრთხე" და უარი პრეზიდენტის შეთავაზებაზე – ისრაელში ვითარება მწვავდება

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

გასულ დღეებში ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მთავრობასა და ოპოზიციას ალტერნატიული რეფორმა შესთავაზა, თუმცა ნეთანიაჰუსგან უარი მალევე მიიღო. 

ნეთანიაჰუს თქმით, მთავრობა კანონის ცვლილებას პროტესტების მიუხედავად განახორციელებს.

მასშტაბურ საპროტესტო აქციებში ჩართული არიან ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც. მათი სხვადასხვა დანაყოფი რამდენჯერმე გაიფიცა. დემონსტრაციები უკვე 12 კვირაა რაც გრძელდება.

კომენტარები