ისრაელი

"სამოქალაქო ომის საფრთხე" და უარი პრეზიდენტის შეთავაზებაზე – ისრაელში ვითარება მწვავდება

სასამართლო ცვლილების საპროტესტო აქცია ისრაელში, 2023 წლის 1-ელი მარტი.
Avshalom Sassoni/Flash90

ისრაელში მმართველი კოალიციის სასამართლო ცვლილებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მწვავე სახეს იღებს. ისრაელის მედიაში 16 მარტს უწოდებენ "დიქტატურასთან წინააღმდეგობის ესკალაციის" დღეს.

აქამდე, გასულ დღეს ულტრამემარჯვენეთა მმართველმა კოალიციამ, რომელსაც პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უძღვება, უარი თქვა ქვეყნის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის სასამართლო ცვლილების ალტერნატიულ შეთავაზებაზე, რომელსაც თავად პრეზიდენტი "ხალხის დირექტივას" უწოდებდა. 

სიტყვით გამოსვლის დროს იცხაკ ჰერცოგმა მთელი ქვეყანა შესაძლო სამოქალაქო ომის საფრთხესთან დაკავშირებით გააფრთხილა.

"ვინც ფიქრობს, რომ სამოქალაქო ომი არის წითელი ხაზი, რომელსაც არ გადავკვეთთ, წარმოდგენა არ აქვთ. სწორედ ახლა, ისრაელის 75-წლიან არსებობაში, უფსკრული ჩვენს ცხვირწინაა". – თქვა ჰერცოგმა. 

ამას გარდა, იცხაკ ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ეს კრიზისი შესაძლებლობაცაა.

"გულით მჯერა, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობის წინაშეც ვართ. შესაძლებლობა, გვქონდეს დაბალანსებული, საზრიანი და შეთანხმებული კონსტიტუციური რეგულაციები ებრაული და დემოკრატიული ხელისუფლების შტოების ურთიერთობაში". – თქვა ჰერცოგმა.

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

იცხაკ ჰერცოგის მიერ მმართველი კოალიციისთვის დეესკალაციის მიზნით შეთავაზებულ ალტერნატიულ რეფორმაში საუბარი იყო მოსამართლეების დანიშვნის ცვლილებებზე, ძირითადი კანონებისთვის უფრო დიდი კონსტიტუციური სტატუსის მინიჭებაზე, სასამართლოს განხილვის პროცესის ცვლილებაზე, სასამართლოს მიერ მთავრობის რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების გონივრულობის ტესტის გამოყენების შეზღუდვასა და მთავრობის სასამართლო მრჩეველთა ინსტიტუტის შენარჩუნებაზე.

ოპოზიციის ლიდერი, პარტია იეშ ათიდის თავმჯდომარე იაირ ლაფიდი იცხაკ ჰერცოგს დაჰპირდა, რომ შეთავაზებას განიხილავდა. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, ეროვნულმა ერთობამ, რომელსაც ბენი განცი ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის წინადადება სრულად მიიღო, როგორც საკანონმდებლო საფუძველი.

თუმცა, მმართველმა კოალიციამ, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ უძღვება, ჰერცოგის შეთავაზებაზე უარი მალევე თქვეს.

"სამწუხაროდ, ის, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, კოალიციასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მისი წინადადების ცენტრალური ელემენტები არსებულ სიტუაციას მხოლოდ შეინარჩუნებს და არ მოიტანს საჭირო ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის. ეს სამწუხარო ჭეშმარიტებაა" . – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბერლინში გამგზავრების წინ. 

ნეთანიაჰუს თქმით, დიალოგისა და შეთანხმების მცდელობა მისაღებია, თუმცა ის ოპოზიციას აბრალებს, რომ მათ მაგიდასთან დასხდომა არ სურთ.

16 მარტის დადგომისთანავე, საპროტესტო აქციები მთელ ისრაელში გაგრძელდა. 

ხელოვანთა ჯგუფმა ისრაელის უზენაესი სასამართლოს შენობის მიმართულებით წითელი ხაზი დახატა, რაც მათი თქმით, გამოხატავდა "დამოუკიდებელი სასამართლოსა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის არსებულ განუყოფელ კავშირს". ხუთი ხელოვანი დააკავეს.

თელ-ავივის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესასვლელი 16 მარტის დილით მავთულხლართებიანი ბარიკადებით გადაკეტეს.

"ჩვენ ბარიკადებს ვდგამთ, რათა დავიცვათ სიტყვისა და მედიის თავისუფლება იმ უკონტროლო ძალაუფლებისგან, რომლის მოპოვებასაც მთავრობა ამ კანონმდებლობით აპირებს". – ამბობენ სტუდენტები. 

პარალელურად, ჰაიფას პორტი ისრაელის სამხედრო ფლოტის რეზერვისტებმა, რომლებიც პროტესტს უერთდებიან, კერძო გემებისთვის გადაკეტეს. "ფლოტი დიქტატურაში ცურვას არ აპირებს" – ეწერა იმ გემებზე, რომლებიც პორტის შესასვლელს კეტავდნენ. ისრაელის მედიის ცნობით, ფლოტის შესასვლელი ადგილობრივი დროით 10:15-ზე გაიხსნა.

ქალაქი ჰაიფას გარდა, რეზერვისტებმა პროტესტი გამოხატეს ქალაქ ბნეი-ბრაქშიც, სადაც მრავალი ულტრაორთოდოქსი ებრაელი. მათ "არმიის რეკრუტირების ცენტრის" გახსნა სცადეს. 

"ჩვენ მოვედით, რათა რეკრუტირების ტვირთი ულტრაორთოდოქს მოსახლეობას გადავცეთ, რადგა, თუ აქ დიქტატურა იარსებებს, ჩვენ აქ მოსვლა და რეკრუტირება მოგვიწევს. ვიმეორებთ, დემოკრატიის გარეშე არ არსებობს სახალხო არმია". – ამბობდნენ რეზერვისტები.

კიდევ 150-მა რეზერვისტმა, მათ შორის ერთმა ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ქალაქი რეჰოვოთის ადგილობრივ სასამართლოს შენობასთან ე.წ. "საგუშაგო" დადგეს. მათ შენობის გარშემო ქვიშით სავსე ტომრები დააწყვეს და ამბობდნენ, რომ ცდილობენ სასამართლო "დაიცვან კრიმინალებისგან" (გულისხმობენ მთავრობას), რომლებიც "სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობენ".

დემონსტრაციები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა რაც გრძელდება, იმართება ქუჩებშიც. 

კომენტარები