ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი მთავრობას მოუწოდებს, რომ შეაჩერონ სასამართლოს ცვლილების რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში არნახული საპროტესტო აქციები გამოიწვია.
აქამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაპირებული რეფორმის მთავარ ნაწილს მთავრობა მომდევნო კვირაში მიიღებდა.
"საკანონმდებლო პროცესი უნდა შეჩერდეს". – თქვა გალანთმა. მის პოზიციას მხარს ღიად უჭერს ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდის ორი წევრი. ცნობებით, მხარდამჭერია ამ პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი. თუმცა, კოალიციური მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლისგან თავდაცვის მინისტრის სიტყვებს კრიტიკა მოჰყვა. პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერმა, ითამარ ბენ გვირმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
"ისრაელის უსაფრთხოება ჩემი სიცოცხლის მისიაა. ისრაელის თავდაცვის ძალების ფორმაში გამოწყობილმა რამდენჯერმე ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში, ისრაელის სახელმწიფოსთვის და ახლა, ჩვენი ქვეყნისთვის, მე მზად ვარ გავრისკო და საზღაური გადავიხადო". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
გალანთმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი "დიდი საფრთხის" წინაშეა, როგორც შორიდან, ისე ახლოდან. მან ახსენა ირანის ბირთვული პროგრამა, პალესტინელთა თავდასხმები და ბოლოდროინდელი დაძაბულობა ლიბანში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება ჰეზბოლასთან.
"ვხედავ, ჩვენი სიძლიერის წყარო იფიტება. მზარდი განხეთქილება ჩვენს საზოგადოებაში აღწევს ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სააგენტოებში. ეს ქმნის ცხად, დაუყოვნებელ და არსებით საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მე ამას ხელს არ შევუწყობ". – თქვა გალანთმა.
"ისრაელის უსაფრთხოების გულისთვის, ჩვენი ვაჟებისა და ქალიშვილების გულისთვის, საკანონმდებლო პროცესი ახლა უნდა შეჩერდეს, რათა ისრაელის ერს შესაძლებლობა ჰქონდეს ერთად აღნიშნოს პასექი და დამოუკიდებლობის დღე და ერთად იგლოვოს ჰოლოკოსტის მოგონების დღე". – დაამატა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ამას გარდა, მან დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ აქციები კვირის საღამოს შეეწყვიტათ და აღნიშნა, რომ ჯარში მსახურობაზე უარის თქმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
"სამოქალაქო ომის საფრთხე" და უარი პრეზიდენტის შეთავაზებაზე – ისრაელში ვითარება მწვავდება
ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.
გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.
გასულ დღეებში ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მთავრობასა და ოპოზიციას ალტერნატიული რეფორმა შესთავაზა, თუმცა ნეთანიაჰუსგან უარი მალევე მიიღო.
ნეთანიაჰუს თქმით, მთავრობა კანონის ცვლილებას პროტესტების მიუხედავად განახორციელებს.
მასშტაბურ საპროტესტო აქციებში ჩართული არიან ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც. მათი სხვადასხვა დანაყოფი რამდენჯერმე გაიფიცა.