რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ აშშ ჩვენს დახმარებას შეწყვეტს, ვერ გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ უკრაინა აღმოსავლეთ საკვანძო ქალაქში ბრძოლას არ მოიგებს, რუსეთი გარიგებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას შეძლებს, რომლის პირობებში უკრაინას შესაძლოა მიუღებელ კომპრომისზე წასვლა მოუწიოს. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის წარმატება, დიდწილად, საერთაშორისო სამხედრო დახმარებითაა განპირობებული, განსაკუთრებით, აშშ-სა და დასავლეთ ევროპისგან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ეს დიდ გავლენას იქონიებს უკრაინის მომავალზე.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად ესმის, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენს დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ". - თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში. 

ამასთანავე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბახმუტში დამარცხების შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო მეგობრებისგან, ისე ქვეყნის შიგნით ზეწოლა გაიზრდება. მისივე თქმით, თუ ბახმუტი დაეცემა, რუსეთი ამ გამარჯვებას დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს მიჰყიდის. 

"ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ". - აღნიშნა ზელენსკიმ. 

კომენტარები