ქალებზე ძალადობა

უფლებადამცველები ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს კომიტეტს სარჩელით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" და ადამიანის უფლებათა ცენტრი, "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) სარჩელით მიმართავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ "საფარი" 2014 წლიდან მოითხოვს ჯეირანოვას საქმის სრულფასოვან გამოძიებას. თუმცა, უშედეგოდ.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა ღალატის ბრალდებით, სახლიდან გამოიყვანეს,სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 18 სექტემბერს ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

ამ საქმეს პროკურატურა დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, სამართალდამცავებს დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ.

უფლებადამცველების თქმით, ხანუმ ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტი, სახელმწიფოს მხრიდან უგულვებელყოფილია. მეტიც, სახელმწიფო თავად მოქმედებდა დისკრიმინაციულად.  

"საფარის" წარმომადგენლის მარიამ კურტანიძის თქმით, ჯეირანოვაზე “კულტურული ნორმების და გენდერული სტერეოტიპების" გამო იძალადეს. მეტიც, მისი თქმით, გამოძიება ქალის პირად ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული და არა დამნაშავეების დასჯაზე.

ორგანიზაცია ითხოვს, რომ გამოძიება, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან ერთად, არაადამიანური მოპყრობის მუხლითაც წარიმართოს და პოლიციამ დამატებით დაიწყოს მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობა.

კომენტარები