ქალებზე ძალადობა

HRC: შილდაში ჩამომხრჩვალ ქალს დაზიანებები ჰქონდა, გამოძიება დროულად უნდა წარიმართოს

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასზე ძალადობა განხორციელდა.

"2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კერძო საცხოვრებელი სახლის სადგომში გ.გ-მ იპოვა თავისი ძმის 24 წლის ცოლის, ე.ნ-ს ნახევრადშიშველი ცხედარი, რომელიც ყელზე გამობმული თოკით ჩამოკიდებული იყო სახურავის კოჭზე. ცხედარს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა", - აცხადებენ HRC-ში.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები, გამოძიება დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

"ოჯახში არსებული კონფლიქტებისა და ძალადობრივი გარემოს შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული ყვარლის შინაგან საქმეთა სამმართველო. ოჯახში ხშირი იყო პოლიციის გამოძახება. უფრო მეტიც, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში ე.ნ-ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სოფელ შილდაში განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით. მოპოვებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ე.ნ-სა და მის დედამთილს შორის. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული", - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქალის დედას იურიდიულ დახმარებას უწევენ და ის მოწმის სახით უკვე დაიკითხა. თუმცა, ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ჭიანურდება გარდაცვლილის დედისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. გარდა ამისა, HRC-ის ინფორმაციით, უზრუნველყოფილი არ არის გარდაცვლილის ოჯახის ჩართულობა გამძიების პროცესში, გარდაცვლილის დედას და მის ადვოკატს არ აქვთ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე.

ადამინის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, კონკრეტული დანაშაულის ნიშნები ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის.  

ორგანიზაცია მიმართავს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტიანად; დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს გარდაცვლილის დედას და მიეწოდოს მას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

24 წლის ქალი სოფელ შილდაში ჩამომხრჩვალი მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს იპოვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი შიშველი იყო და გვამს დაზიანებები აქვს. არხის ჟურნალისტს მოუყვნენ, რომ შემთხვევამდე ოჯახში კონფლიქტები ხშირი იყო და ამის შესახებ პოლიციაც არაერთხელ იყო ინფორმირებული. რუსთავი 2-ს ისიც უთხრეს, რომ მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, რომ შესაძლოა ქალი მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის იმიტაცია შექმნეს.

კომენტარები