თეა წულუკიანი

წულუკიანი სამხარაძეზე: ქალი ჩვენთან კბილებამდე შეიარაღებულია, რომ თავისი უფლებები დაიცვას

საქართველოს მთავრობა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ქართული ოცნების გატარებული რეფორმების დახმარებით ქვეყანაში ქალები კანონით "კბილებამდე არიან შეიარაღებულები". წულუკიანს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია POSTV-ის მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ მიმდინარე "შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ კამპანიასა" და "სახლთან მივარდნების სერიაზე" ჰკითხეს. წულუკიანის თქმით, ის თათია სამხარაძეს არ იცნობს, თუმცა, ნებისმიერი ქალის უფლება უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება "სახლთან მივარდნებს", მან ფორმულას და "სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ არხებს" მოუწოდა, "სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცა ვიღაცას სახლში მიუვარდა", სამჯერ დაფიქრდნენ, რადგან მისი მტკიცებით, ეს სწორედ ამ ტელევიზიების ხელწერაა.

"მე არ ვიცნობ ამ ქალბატონს ( თათია სამხარაძე), მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ბატონ გენმდივან იაგლანთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია და შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას, ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ კონვენციის რატიფიკაცია გააკეთა პარლამენტში გოგონებისა და ქალთა უფლებებისათვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რომელზეც თქვენ მესაუბრებით, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებულია, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას.

თუმცა, თქვენ აქვე იკითხეთ სახლში მივარდნებზე - თქვენ, ფორმულა, ჩემს სახლში სულ ახლახან იყავით მოვარდნილი. აა, მინისტრს შეიძლება, სახლში მიუვარდე, ჟურნალისტს არ შეიძლება. თქვენი ტელევიზია და აქ მჯდომი კიდევ არაერთი ტელევიზია სახლში გვივარდებით, მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა, მომივარდეთ სახლში ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების მოხუც წევრებს უვარდებით სახლებში, ესეც თქვენი ხელწერაა. ამიტომ სანამ რამეს იტყვით სახლში მივარდნებზე, სამჯერ დაფიქრდით. თუ ღმერთი არ გწამთ - ხუთჯერ." - განაცხადა წულუკიანმა.

თათია სამხარაძემ, რომელიც პირველი ქალია, ვინც პროპაგანდისტული პოსტივის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოც მოუგო, ბოლო დღეებში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გამო დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. სახალხო დამცველის აპარატმა კი განცხადება გაავრცელა და სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლების დახმარებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. 

კომენტარები