თეა წულუკიანი

წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

კადრი ვიდეოდან / POSTV

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თემურ შარიქაძემ თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო - თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო შარიქაძის გათავისუფლების ბრძანება. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ 2024 წლის 5 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე თემურ შარიქაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა თემურ შარიქაძის სარჩელი.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება". - ვკითხულობთ პროფკავშირის განცხადებაში.

პროფკავშირის ცნობით, ეს მე-16 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ მოიგეს.

"წინ კიდევ 70-მდე სარჩელია! ბრძოლა გრძელდება!". - წერს პროფკავშირი.


კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის, ლიკა მამაცაშვილის სარჩელიც დააკმაყოფილა. 

2023 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო.

კომენტარები