აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2022

აშშ ანგარიშში არაადამიანური მოპყრობის შესახებ ქვეთავში კვლავ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტი სახალხო დამცველზე დაყრდნობით წერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო ექსპრეზიდენტისთვის ექიმთა ჯგუფის 2021 წელს შემუშავებულ რეკომენდაციებთან შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროული გაწევა გადამწყვეტია. 

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს სახალხო დამცველს, რომელიც ამბობს, რომ “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, დროული, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ზუსტი დიაგნოზის და სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობა შეიძლება უტოლდებოდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან დამამცირებელ მოპყრობას”. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ინსპექტორის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაცემის რამდენიმე ვიდეოს გამოქვეყნებით.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გამოქვეყნებულ ანგარიშში 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის შესახებ. დოკუმენტში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის შესახებაა საუბარი.

კომენტარები