ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ავღანეთსა და ლიბანში დელეგაციები გაგზავნა

თალიბი ქაბულის აეროპორტში რუსულ თვითმფრინავთან.
ТАСС

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ლიბანის რესპუბლიკასა და თალიბანის მმართველობაში მყოფ ავღანეთში დელეგაციები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიმდინარე კვირაში იმყოფება სამუშაო მივლინებაში ლიბანის რესპუბლიკასა და ავღანეთში. სამუშაო მივლინების მიზანი: აფხაზეთის რესპუბლიკასა და შესაბამის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კონტაქტების გამყარება. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ყოვლისმომცველ განვითარებას". – წერია განცხადებაში. 

არც ლიბანს და არც აფხაზეთს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. 

9 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა თალიბანის წარმომადგენლობა სოხუმში მიიღო. დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთში ავღანეთის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებსაც მოსკოვმა აკრედიტაცია გასულ წელს მიანიჭა. ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდნენ. 

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, თებერვალში დელეგაცია სოხუმში იმყოფებოდა, რათა განეხილათ უსაფრთხოების, ავღანეთის ჰუმანიტარული სიტუაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოების "აქტუალური ასპექტები". ინალ არძინბა თებერვალში ამბობდა, რომ მარიონეტული რეჟიმი მზადაა თალიბანთან დიალოგისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთთან დიალოგის გააქტიურების სტრატეგიას აწარმოებენ.

ამას გარდა, 2021 წელს ერთ-ერთმა თალიბმა მაღალჩინოსანმა, უჰამად ნაიმ თქვა, რომ ავღანეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, მოლა აბდულ ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელს შეხვდა. როგორც შემდეგ ცნობილი გახდა, თალიბებს შეხვდა ალექსეი მაქსიმოვი, რომელიც, არსებული ცნობებით, მოსკოვიდან ცხინვალში მიიწვიეს და რუსეთში ოკუპირებული რეგიონის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად დანიშნეს.

რადიკალი ისლამისტების ჯგუფმა თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის ზაფხულის ბოლოს დაიბრუნა და ავღანეთის საამიროს განახლება გამოაცხადა. ამ პერიოდში ქვეყანას აშშ-ს ძალები ტოვებდნენ. აქამდე არსებული ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მაღალჩინოსნები საზღვარგარეთ გაიქცნენ და უცხოეთში მყოფი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს. ამის მიუხედავად, დასავლურ ქვეყნებში მდებარე ავღანეთის საელჩოებში მუშაობას ისლამური რესპუბლიკის დიპლომატები განაგრძობენ. თალიბანის მთავრობამ საერთაშორისო აღიარების მოპოვება ვერ შეძლო.

კომენტარები