ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა თალიბანის დელეგაცია სოხუმში მიიღო

ინალ არძინბას შეხვედრა მოსკოვის მიერ რუსეთში აკრედიტირებულ თალიბ "დიპლომატთან"

9 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა თალიბანის წარმომადგენლობა სოხუმში მიიღო

დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთში ავღანეთის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებსაც მოსკოვმა აკრედიტაცია გასულ წელს მიანიჭა. ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდნენ.

"ინალ არძინბამ შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტებულ რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაციასთან". – წერია მარიონეტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, დელეგაცია სოხუმში იმყოფებოდა, რათა განეხილათ უსაფრთხოების, ავღანეთის ჰუმანიტარული სიტუაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოების "აქტუალური ასპექტები".

ინალ არძინბას თქმით, მარიონეტული რეჟიმი მზადაა თალიბანთან დიალოგისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთთან დიალოგის გააქტიურების სტრატეგიას აწარმოებენ.

"შეერთებულმა შტატებმა ჩვენს ისტორიაში დამღუპველი როლი შეასრულა, ყველაფერი დაანგრიეს და სამარცხვინოდ გაიქცნენ. აფხაზეთი მზადაა, რუსეთის უპირობო მონაწილეობით, ურთიერთპატივისმცემი დიალოგი აწარმოოს.  ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება. ეს მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოების ყველა სისტემისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ახლო აღმოსავლეთთან დიალოგის გააქტიურების სტრატეგიას". – თქვა არძინბამ.

მარიონეტული აფხაზეთი აპირებს, რომ ქაბულში "დიალოგის გააქტიურების შესაძლებლობის შესასწავლად" დელეგაცია გაგზავნოს. 

მოსკოვმა თალიბანის მიერ დანიშნულ დიპლომატს აკრედიტაცია 2022 წლის გაზაფხულზე მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა რუსეთის ფედერაციის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. 2022 წლის 31 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ერთი თვით ადრე თალიბანმა გამოგზავნა ავღანელი დიპლომატი, რომელსაც აკრედიტაცია მიანიჭეს.

რადიკალი ისლამისტების ჯგუფმა თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის ზაფხულის ბოლოს დაიბრუნა და ავღანეთის საამიროს განახლება გამოაცხადა. ამ პერიოდში ქვეყანას აშშ-ს ძალები ტოვებდნენ. აქამდე არსებული ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მაღალჩინოსნები საზღვარგარეთ გაიქცნენ და უცხოეთში მყოფი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს. ამის მიუხედავად, დასავლურ ქვეყნებში მდებარე ავღანეთის საელჩოებში მუშაობას ისლამური რესპუბლიკის დიპლომატები განაგრძობენ. თალიბანის მთავრობამ საერთაშორისო აღიარების მოპოვება ვერ შეძლო.

თალიბანის რეჟიმი ავღანეთში სისტემურად არღვევს ადამიანთა უფლებებს.

კომენტარები