საქართველოს მთავრობა

ამილახვარი: ჩემი მინისტრობისას, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება

განათლებისა და მეცნიერების ახლადდანიშნული მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, ის დღეიდანვე აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებს განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან. ამილახვარი ამბობს, რომ სწორედ მათთან ერთად მიიღებს ის სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს

"რა თქმა უნდა, დიდი პატივია, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას ვუხელმძღვანელო. იქ, სადაც ჩვენი ასეულათასობით ღირსეული მოქალაქეა დასაქმებული და თანამედროვე საქართველოს ქმნის. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლებისა და მეცინიერების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა, ბუნებრივია, რიგი გამოწვევები და პრობლემები კვლავ რჩება, რომელსაც სწრაფი პასუხი და გადაჭრა სჭირდება. ამიტომ, დღეიდან ჩვენ და პირადად მე განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებ - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, პროფესორებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან - იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს ამ დარგში გვაქვს. და მიღებული უკუკავშირის შედეგად, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გვინდა, რომ სკოლებში ჩვენს შვილებს ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ, ინფრასტრუქტურით დაწყებული და სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით გაგრძელებული. ამიტომ, ამ კუთხით სწრაფად და აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს ის ნაბიჯი იქნება, რაც მასწავლებლების პროფესიის, ღირსებისა და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია". - თქვა ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამილახვარმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება.

"დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ასევე, აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას საზღვრები არ აქვს და მნიშვნელოვანია, საქართველოში ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად, ჩვენ უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი. ჩემი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება და უახლოეს პერიოდში იმ კონკრეტულ ხედვას შემოგთავაზებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის. გასულ წლებში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად ჩამოვაყალიბოთ. ჩვენს ქვეყანაში მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი მოვიზიდოთ, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და ამ სფეროში პირდაპირ ინვესტიციას. უახლოეს მომავალში საზოგადოებას გავაცნობთ იმ კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება". - განაცხადა ამილახვარმა.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი წარადგინა. ქართული ოცნების დეპუტატი აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ამილახვარი განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ პოსტს ორი სხვადასხვა ვადით იკავებდა. პირველად ის ამ თანამდებობას 2017-2018 წლებში იკავებდა. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიყო, ჩხენკელს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩააბარეს.

კომენტარები