ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ბორელი: პუტინის დაკავების ორდერი საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

John Thys/AFP/Getty Images

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას ეხმიანება. 

"ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულების და უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.  ჩვენ ევროკავშირში ყოველთვის ცხადად ვამბობდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ”. - თქვა ბორელმა.

მისი თქმით,  დაკავების ორდერი “რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”.


უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები