ევროსასამართლო

ევროსასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2023 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის. 

აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია, სადაც 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე სასამართლო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელი სამხედრო ჩართულობით, ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია საჩივარზე". - წერია გადაწყვეტილებაში. 

სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება და პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო და რომ მამასახლისი არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ექვემდებარებოდა. მეტიც, სასამართლოს ცნობით, არც ერთ მამაკაცს არ მიუღია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც.

სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველო დარღვევებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იმ დროს მას არ ჰქონდა კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს განმარტებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაცული ყოფილიყო. 

სასამართლომ რუსეთს მამასახლისისა და ნანავასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000 ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის ორივესთვის ჯამში €23 300 დააკისრა.

მამასახლისი 2001 წლის აგვისტოში, ხოლო ნანავა 2003 წლის ივნიში დააკავეს. დაკავებისას მამასახლისი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მან მძიმე დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც ხელებში ხელნაკეთი ხელყუმბარა აუფეთქდა. მან დაკარგა მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის სამი თითი, დაიზიანა გულმკერდი, მუცელი და ორივე თვალი. 

ხოლო 81 წლის გრიგოლ ნანავა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისას დააკავეს. ე.წ. სასამართლომ მამასახლისი სამშობლო ღალატში, ხოლო ნანავა ტერორიზმში დაადანაშაულა და შესაბამისად, 12 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოგვიანებით, 2005 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნანავა შეიწყალა, ხოლო 2007 წელს მამასახლისი ქართულ მხარეს გადასცეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მამასახლისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა ძალადობას, დამცირებასა და წამებას, რათა მას ღალატი, ტერორიზმში მონაწილეობა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა.  

კომენტარები