"შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცით დაისჯებიან" - ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, 7-8 მარტის აქციები "არაერთხელ გაცდა" შეკრებისა და მანიფესტაციების კანონს და "გადაიზარდა ძალადობაში".
"ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და ძალადობა, ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, მათ შორის ხუთი ამ დრომდე რჩება კლინიკებში.
ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო, ასევე, ყველა მედიის ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ბლაგვ საგანს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარიხის დაზიანება" - განაცხადა კუპატაძემ.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ორი დღის მანძილზე ადმინისტრაციული წესით 133, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.
ორდღიანი აქციების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.
ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულები. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტის სხდომა ჩანიშნა, საპროტესტო აქცია დღეს, კანონპროექტის ჩაგდების განხილვის პარალელურად დაიგეგმა.





