სამოქალაქო ორგანიზაცია სირცხვილია რუსული კანონპროექტის გაწვევაზე ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება. სირცხვილიას შეფასებით, განცხადება მანიპულაციურია და, გამოცდილების მიხედვით, მმართველი პარტიის ნდობა არ შეიძლება.
"ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია! კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ. ვიდრე ამას არ იზამენ, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, კანონპროექტი აქტიურია. ქართული ოცნების მრავალჯერ დარღვეული პირობები და გატეხილი სიტყვა გვკარნახობს, რომ მათი ნდომა არ შეიძლება. არ ვდუნდებით, კვლავ მტკიცედ მივდივართ შინ ევროპისკენ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.
- რას ნიშნავს რუსული კანონის უპირობოდ გაწვევა?
-
დღეს აქცია იქნება, გვჭირდება მკაფიოობა და მეგობრების გათავისუფლების გარანტია – კობერიძე
დღეს, 9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ.
"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.
ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.
საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
- ბოლო ორ დღეში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა – შსს
- რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული
- შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის – უცხოელი პარტნიორების შეფასებები [განახლებადი]