რუსული კანონი

ვაშაძე: ახლა მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, ხვალ კი – მოვახდინოთ პიკეტირება

ერთსაათიანი ულტიმატუმი, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქართულ ოცნებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წაუყენა, ამოიწურა. ამის შემდეგ, ვაშაძემ მომიტინგეებს მიმართა.

"ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, შინაგან თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ორივე მხრიდან დავიძრათ და უკანა შესასვლელთან და გვერდითა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო.

ასევე, ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, მოგვიწევს, ყველამ ერთად არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ" - თქვა ვაშაძემ და მოქალაქეებს მიმართა, ხელის აწევით დაედასტურებინათ თანხმობა.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 8 მარტსაც იმართება.

კომენტარები