რუსული კანონი

აშშ: მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვაში ხელისუფლებას შეუცვლელი ფუნქცია აკისრია

ტაბულა

"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში" - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო აცხადებს და აღნიშნავს, რომ "ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია".

"სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად" - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 8 მარტსაც იმართება.

კომენტარები