რუსული კანონი

იოსელიანი: რაც ვნახე, ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება

ლევან იოსელიანი
IPN

ახალარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, დიღმის საპატიმროში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც შსს-მ 7 მარტის აქციაზე დააკავა. 

მათ შორისაა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. იოსელიანის თქმით, ჯაფარიძეს დაზიანებები აღენიშნება.

"რა დაზიანებებიც მე ვნახე, მათგან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება. სხვებს არ აქვთ ასეთი ვიზუალური დაზიანებები. შესაბამისი დასკვნა, ალბათ, ექიმებმა უნდა დაწერონ. ზურაბ ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან ასევე მისცა ჩვენება".- თქვა იოსელიანმა. 

დიღმის იზოლატორში 25 მოქალაქეა მოთავსებული. იოსელიანმა აღნიშნა, რომ ყველას ესაუბრა და ზოგ მათგანს "აქციასთან კავშირი არ ჰქონია". მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დეტალურ განცხადებას გაავრცელებს და ამბობს, რომ "ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული". 

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები პოლიციელებმა 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავების დროს სცემეს. ადვოკატის თქმით, პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ხელკეტი თავის არეში ურტყეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები